მე და ვიკიპედია

ფიქრია "ვიკიპედიელი" 

  აქაც მოვსინჯე ძალები. ჯერ-ჯერობით ძალიან მომწონს. ვნახოთ, რა გამომივა და სადამდე გამყვება ენთუზიაზმი...
       თავის დროზე აქ მუშაობა იმიტომ დავიწყე, რომ გული დამწყდა მისი "გაჭირვების" გამო. ქართული ვიკი ძალიან ღარიბია. ერთ მშვენიერ დღეს   მარტივი კვლევა ჩავატარე და აღმოვაჩინე, რომ რუსულ ვიკიპედიაში 1 700 000 სტატია  იყო, ინგლისურში 3 000 000-ზე მეტი, ხოლო ქართულში მაშინ მხოლოდ 50 000-ოდე და ისიც, უმრავლესობა მათგანი სულ რამდენიმე წინადადებით შემოიფარგლებოდა. იყო შინაარსობრივად ღარიბი, ფოტომასალით ღარიბი, ბევრი გრამატიკული შეცდომებით.....
        ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ვიკიპედიის სრულყოფა  ყველა ქართველის საპატიო მოვალეობაა. ეს ისეთი დიდი და მნიშვნელოვანი საქმეა, როგორც თავის დროზე იაკობის "დედა ენის" შექმნა იყო. მოგეხსენებათ, ქართველი ბავშვებისათვის დღეს მხოლოდ ინტერნეტია "დედა ენა" და თუ იქ მასალა არ იქნება, მაშინ?...
         თავდაპირველად ძალიან გამიჭირდა, სანამ რამე გავიგე. ათასი ხლართებია ვიკიპედიაში. საშინელი ლაბირინთივით მეჩვენებოდა ყველაფერი შიგნით, მაგრამ, მადლობა ღმერთს, რომ თვითონ ვიკიპედიელები აღმოჩნდნენ გულისხმიერები.
          მიმაჩნია, რომ ვიკიპედიას ძალიან პატრიოტი, თავის ქვეყანაზე უანგაროდ შეყვარებული  და განათლებული ადამიანები ქმნიან. დარწმუნებული ვარ, მომავალში ძალიან ვიამაყებ ამ საქმეში ჩემი გაღებული წვლილით.
         თითოეული სტატია საკუთარი შვილივით მიყვარს და ველოლიავები. დაახლოებით ერთი წელი ვიტანჯე მანამ, სანამ აქტიური მოღვაწეობა დავიწყე.  ჯერ მხოლოდ ერთი თვე იქნება  და თურმე იმდენი  სტატია შემიქმნია ან შემისწორებია...
          ძალიან მიხარია. ეს საქმე დიდ სიამოვნებას მანიჭებს....
          წარმატებებს ვუსურვებ ჩემს თავს!
.....................
ამ ბოლო დროს არა მხოლოდ სტატიებით ვკმაყოფილდები, ფოტოებსაც ვტვირთავ. მინდა ქართული ვიკიპედიის ფონდი შეივსოს.  არ მსიამოვნებს მისი საცოდავი მდგომარეობა....
ფოტოებს   სხვადასხვა ხერხით მოვიპოვებ ხოლმე. მეტწილად სხვებს ვთხოვ დახმარებას.  არ მერიდება, შევაწუხო ადამიანები საერთო კარგი ქართველური საქმისათვის და ისინიც სიამოვნებით შემომიერთდებიან ხოლმე.
ფოტოებისათვის ასეთი "შეწუხებული"  ჯერჯერობით სულ რამდენიმე ადამიანი მყავს. მათ დაუნანებლად გაიმეტეს თავისი შემოქმედება საერთო საქმისთვის.
მაგალითად,
1. ამერიკის რეგიონის ფოტოები ერთ ამერიკელ ქართველს ეკუთვნის, რომელიც ფსევდონიმით გამეცნო, სახელად კუ იბერიელი და მის ფოტოებს ასეც აქვს მითითებული ავტორი.
2. ჩემი საკუთარი მამიდაშვილი, მარი მახარაშვილი ხშირად მოგზაურობს სტამბულში და არაჩვეულებრივი ფოტომასალა აქვს   სტამბულის ღირსშესანიშნაობების შესახებ.
3. და ბოლოს, დიდი მორიდებით  გამოვითხოვე ცნობილი ქართველი ფოტოხელოვანის ბადრი ვადაჭკორიას ფოტოები ვიკიპედიისთვის.  ჩემდა გასაოცრად, დამთანხმდა და წარმატებებიც მისურვა.
ამ უშურველობისთვის, მინდა  ყველას დიდი მადლობა ვუთხრა აქედან..

თქვენც შეგიძლიათ ნახოთ:
ჩემი წვლილი ვიკიპედიაში...

Комментариев нет: