” ქვეყანა ტაძარი კი არაა, საცა კაცი უნდა ლოცულობდეს, არამედ სახელოსნოა, საცა უნდა ირჯებოდეს და მუშაკობდეს!” (ილია)

”ჩემი ისტორიის მასწავლებელი”.....

ასეთი რამ ბევრჯერ გამიკეთებია. ჩემი მოსწავლეებისთვის მითხოვია ხოლმე ანონიმური წერილები მოეწერათ ჩემთვის. ყველა ჩემი ნაკლი და ღირსება წარმოეჩინათ. არ დაემალათ სიმართლე. ისინი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. საკუთარ თავზე მუშაობის თვალსაზრისით.  სამწუხაროდ, ერთ–ორი თუ მაქვს შემონახული. ანონიმურ წერილებში ძალიან გულწრფელები არიან ბავშვები და მე კი ვცდილობ, მათი თვალით დავინახო ჩემი თავი...

ეს წერილი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩემთვის. მისი ავტორი 4  წლის უკან გავიცანი. ის მაშინ მე–8 კლასში იყო და  დღეს უკვე  ჩვენი სკოლიდან  წასულია. 

როდესაც გავიცანი, ბავშვი იყო საოცრად გაღიზიანებული, გაბოროტებული. ყველა მასწავლებელს უმზერდა,  როგორს "მტერს".  შეგნებულად მოდიოდა გაკვეთილზე მასწავლებლების წყობილებიდან გამოსაყვანად.  სულ გვედავებოდა, გვეკამათებოდა, საქმეს გვირჩევდა გაკვეთილზე,  სხვებს "იცავდა"... 

ყველა მასწავლებელს ერთი და იგივე საჩივარი ჰქონდა.  ყველა მასწავლებელი გაკვეთილიდან აგდებდა. ყოველ დღე მთელ სკოლაში მისი გვარის ტრიალი იყო შვიდ ბრუნვაში. ბავშვი  მთელი დღეები სკოლის დერეფანში დადიოდა გამოგდებული...  მათ შორის მეც ვიყავი.  გულახდილად შემიძლია ვთქვა, რომ სისხლი გამიშრო მთელი სემესტრი, მაგრამ  ერთ მშვენიერ დღეს ეს ბავშვი ისე შეიცვალა ჩემს მიმართ, გაოგნებული დავრჩი... 

საქმე იმაშია, რომ ერთ–ერთ გაკვეთილზე ყველას მივეცი დავალება რუკაზე სამუშაოდ. ის ცალკე დავსვი "გარიყული".  თან "დასჯილი" მყავდა. ყველასგან მოწყვეტილმა მთელი ყურადღება რუკაზე გადაიტანა.  ისე დაინტერესდა და ჩაუკირკიტა,  სერიოზულად ჩაერთო მუშაობაში. ყველა შეკითხვაზე მყისიერად გამცა პასუხი, ისე აზროვნებდა სხარტად. ამ გაკვეთილამდე სულ საშინელ დაბალ ნიშნებს ვუწერდი.  თან ვაყვედრიდი, რომ არ იმსახურებდა. იმ გაკვეთილზე  მთელი კლასის თვალწინ შევაქე:  "ყოჩაღ, გიორგი! რამდენი რამე გცოდნია. რატომ მალავდი? აქამდე სად იყავი, თავს რატომ მალანძღვინებდი მეთქი? შენ ახლა ყველაზე საუკეთესო ნიშანს გიწერ, დაიმსახურე და გეკუთვნის და იმედია, მომავალშიც ასე გააგრძელებ  მეთქი." ამდენი საშინელი ორიანების მერე პირდაპირ 10 ქულით შევაფასე ის ერთადერთი მოსწავლე, იმ დღეს, იმ კლასში, იმდენი მოსწავლის თვალწინ...
დამეთანხმებით, არაფერი განსაკუთრებული არ მიქნია, ხომ?...
ის დღე იყო და ის დღე...
დათბა და გამოსწორდა ურთიერთობები ჩვენს შორის და შეფასებებსაც დაეტყო...
...................
მოგვიანებით შევიტყვე, რომ ბავშვის ოჯახს საშინელი ტრაგედია შემთხვევია წლების წინ. გიორგის თურმე მცირეწლოვანი და ჰყავდა, რომელიც  მდუღარე წყალში ჩავარდნიათ და  გარდაცვლილა. ამ ამბავს ძმაზე  დიდი გავლენა მოუხდენია. საქმე იმაშია, რომ დამწუხრებული დედა დიდხანს ვერ გამოვიდა სულიერი ტკივილიდან, სულ იმ  გარდაცვლილს მისტიროდა და  ცოცხლად დარჩენილი შვილი იგნორირებული ჰყავდა.  მასზე  ჯავრს იყრიდა,  ყველაფერზე  უბრაზდებოდა, სცემდა, თავიდან იშორებდა 8–9 წლის ასაკში მყოფ  გიორგის.    წლების მანძილზე გიორგიმ  გარიყულად იგრძნო თავი.  გაბოროტდა.  ქცევებში დაეტყო.  ყველა სჯიდა და უჯავრდებოდა. იგრძნო,   რომ  ყველგან ზედმეტია,  არავის არ უყვარს,  თვით დედასაც კი "ეჯავრება". შედეგად გამოუმუშავდა თავდაცვის,  გადარჩენის ინსტიქტი,  რაც აგრესიაში გამოიხატა და მთელი ამ ტრაგედიის შედეგს ძირითადად  ოჯახის გარეთ,  სკოლასა და მასწავლებლებთან ურთიერთობაში აფრქვევდა...
........

წლის ბოლოს ასეთი წერილი მომწერა (იხილეთ ზემოთ, ფოტო).  გაოგნებული დავრჩი.  არ ველოდი ასეთ შეფასებას მისგან.  მაგრამ სკოლიდან წასვლისას, რომ დედა მოვიდა ჩემთან და სიტყვიერი მადლობა გადამიხადა, აი ამაზე ცრემლები ჩამომცვივდა....

მანამდეც  სულ ვამბობდი და ამის მერეც ვიტყვი,  რომ  ჩემი ცრემლები, ჩემი მოთმინება, ჩემი შრომა და ჩემი ნერვების მოშლაც კი ღირს ასეთი სიტყვების მოსმენად,  რომელიც ჩემმა მოსწავლემ გაიმეტა ჩემთვის....

..........................................................................................................................



აი ეს კი, ერთ პატარა გოგონას ეკუთვნის, ახლა უკვე მე–10 კლასელს. მან იმ დროს გამომიგზავნა ეს საოცარი თბილი და თან სასაცილო წერილი  (ასე ლამაზად შეფუთული, "გაფორმებული",  "დახვეწილი  გემოვნებით"  შექმნილი ხელოვნების ნიმუში),  როცა ის მე–5 კლასში იყო და როცა მოსწავლეები მასწავლებელს  ღვთაებასავით ეთაყვანებიან....








Отправить комментарий